მისი/Her ანუ სოციალურად მიღებული მომავალი

Image-03---Akiko-Her

სპაიკ ჯოუნზის 2013 წლის ფილმი, სადაც მოქმედება მომავალში ვითარდება, რამდენიმე ნომინაცია და ჯილდო მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა რეჟისორი და სცენარის ავტორი სპაიკ ჯოუნზი, რომელმაც, როგორც სცენარისტმა,ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მიიღო.


ფილმის მთავარი გმირი – თეოდორი მარტოხელა მწერალია, ის ყიდულობს ახალ ტექნიკურ გამოგონებას, ხელოვნური ინტელექტის მქონე მოლაპარაკე ოპერატიულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს.
სისტემა, რომელიც საკუთარ თავს სამანტას ეძახის, ინტროვერტ მფლობელს მალევე უყვარდება და ისინი იწყებენ ურთიერთობას.
“Her” ერთდროულად საინტერესო სოციალური კომენტარისა და საკმაოდ სევდიანი მელოდრამის მიქსია. იგი ეხება თანამედროვეობაში გახუნებულ ადამიანურ ურთიერთობებს და ნოსტალგიას ძველ, უფრო მარტივ დროზე. ტექნოლოგია და მისი გავლენა სოციალურ კონტაქტზე ახალი თემა არ არის.

შესაბამისად, ჯონზიც არ ცდილობს ველოსიპედის გამოგონებას, იგი ამ ტენდენციის მინუსებსა და პლიუსებსაც გვიჩვენებს – იმ მინუსებს და პლიუსებს, რომლებზეც უკვე ისედაც წლებია ვსაუბრობთ.

თუმცა, “მისი” არ არის ბანალური დოკუმენტური ფილმი Facebook-ით შეშფოთებული ძველი თაობის ფსიქოლოგებისა და სოციალური მედიის ექსპერტებზე.
ვფიქრობ, ეს ფილმი დაგარწმუნებთ, რომ რეალური ცხოვრება არ შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სოციალურ სივრცეში.