სოციალური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

მომხმარებელი ზის კომპიუტერთან, უკვე 5 საათის განმავლობაში იგი გაესაუბრა ყველა მოსაუბრეს, გადაათვალიერა და გაეცნო ყველა სიახლეს, მაგრამ იგი ჯიუტად განაგრძობს გვერდის სიახლეთა არხის ხელახლა გადატვირთვას

სოციალური ქსელების გავლენა ადამიანის ფსიქიკაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფაკულტეტი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა; მიმართულება: ფსიქოლოგია; თემის სათაური: მომხსენებელი: თორნიკე ბაქაქური,

თბილისი, 2012

კლასიკური განმარტებით, სოციალური ქსელი არის სოციალური ობიექტების ჯაჭვი, რომელიც ორგანიზაციების ან ინდივიდუალური ადამიანებისგან შედგება. კომპიუტერული სოციალური ქსელები გასაოცარ საშუალებებს გვთავაზობს ინფორმაციის გაზიარებისთვის, ახალი მეგობრების გასაცნობად და ძველი ნაცნობების აღმოსაჩენად, ახალი ამბების გასაგებად, სარეკლამო ბიზნესში ჩასართავად, ზოგადად თვითრეალიზაციისთვის და ა.შ.

დღეს სოციალური ქსელი ერთგვარი საკვები გახდა, საზოგადოება მას ძირითადად ორი სოციალური საჭიროებისთვის მიმართავს – მიკუთვნებულობისა და თვითპრეზენტაციისთვის. მიკუთვნებულობის მოთხოვნა წარმოადგენს შინაგან მამოძრავებელს ამა თუ იმ ჯგუფში გაერთიანებისა და სოციალური სასურველობისთვის, თვითპრეზენტაცია კი შთაბეჭდილებათა მართვის მუდმივ პროცესს წარმოადგენს (Ashvini Nadkarni, 2011). ამ ორი რამის გამო სოციალური ქსელი გვაიძულებს რაც შეიძლება დიდი დრო დავუთმოთ მას, ჩვენ უბრალოდ ვეღარ ვწყდებით ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადს. სოაციალურმა ქსელმა შეიძლება პოზიტიური და ნეგატიური როლი შეასრულოს სხვადასხვა ტიპის ადამიანთა სოციალიზაციაში, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ. ერთი რამ კი ცხადია, ხშირი მოხმარება ნამდვილად უარყოფითად აისახება ბავშვებისა და მომავალი თაობების მიერ არავერბალური კომუნიკაციის აღქმაზე, უფროს თაობებში კი მწვავე პრობლემად იქცევა ურთიერთობების გაცივება.

თუ სოციალური ქსელების გავლენაზე ვსაუბრობთ, ჯერ ის უნდა ვიკვლიოთ კონკრეტულად ვისგან/რისგან მოდის ეს გავლენა და ვისზე ვრცელდება. მისი გავლენა ჩვენს ფსიქიკაზე ძალზედ კომპლექსურია, ის ერთის მხრივ მოიცავს თავად კომპიუტერს და მის ინფორმაციულ წყაროებს, რომლებიც კომპიუტერთან ჯდომისას ჩვენი ცნობიერების ფოკუსში ხვდება ხშირად ჩვენი ნებისდა მიუხედავად და მეორეს მხრივ, სხვა მომხმარებლებს ანუ სოციალური ქსელების სხვა წევრებს, რომლებიც ასევე ინფორმაციულ წყაროებს წარმოადგენენ, მაგრამ მაინც ღირს მათი ცალკე გამოყოფა, რადგან წევრებთან ჩვენ კავშირს ვამყარებთ, ვურთიერთობთ, ინტერაქციაში ვართ. ანუ ერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს „სუბიექტი–ობიექტის“ მიმართებასთან, ხოლო მეორე შემთხვევაში „სუბიექტი–სუბიექტის“ მიმართებასთან. რაც შეეხება გავლენის ობიექტს, ეს რა თქმა უნდა ჩვენ ვართ, ანუ თითოეული ჩვენგანი ერთდროულად გავლენის ავტორიც შეიძლება იყოს და ობიექტიც.

სოციალური ქსელი – რეალობის მინი–მოდელი თუ ილუზორული სამყარო? დიდი ხანია ამ თემაზე მიმდინარეობს კამათი, აპოკალიპტური თეორიების მომხრენი მუდამ ამტკიცებენ, რომ სოციალური ქსელი დაგვღუპავს, ჩაგვითრევს ირეალურ, ილუზორულ სამყაროში, ჩვენ მხოლოდ ვირტუალური თავისუფლება შეგვრჩება, რეალობისგან ყურადღებაგადატანილები მოვექცევით მასობრივ კონტროლში და ა.შ ანუ ხშირად სოციალური ქსელი ხალხით მანიპულაციის იარაღად განიხილება, რომლის გავლენის ქვეშაც ნებსით თუ უნებლიედ ვექცევით. მაგრამ არიან ამ იდეის მოწინააღმდეგენიც, რომლებიც სოაციალურ ქსელს მკვეთრად მიჯნავენ მაგალითად ვიდეო–თამაშებისგან და ამტკიცებენ, რომ ქსელი უბრალოდ ინფორმაციულად ტევადი, საკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც არ გვითრევს ილუზიებში და მთავარია მისი გონივრულად გამოყენება შევძლოთ.

აზრთა სხვაობის გარეშე წარმოუდგენელია ჩვენი ცხოვრება, ერთი კია, ყოველ საათში ათასობით ადამიანის ანგარიში იხსნება სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. ახლადდარეგისტრირებული პროფილისთვის უპირველეს ყოვლისა იმიჯის შერჩევაა აუცილებელი, ისევე როგორც სახლიდან გარეთ გასვლისას ტანსაცმლის ჩაცმა, აქსესუარების გაკეთება, ჰიგიენური ნორმების დაცვა და ა.შ. აქ ერთ პრობლემას ვაწყდებით, მიუხედავად ამ მსგავსებისა აქვეა უდიდესი განსხვავებაც – ხშირად რეალობაში შეუძლებელია სასურველი იმიჯის მორგება ანუ იმის ჩაცმა, რაც ჩვენ გულით გვინდა და არა იმისა, რისი შესაძლებლობაც გვაქვს (იმიჯი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ტანსაცმელს არ გულისხმობს, მაგრამ აზრის გადმოსაცემად ნამდვილად კარგი მაგალითია). ხოლო ინტერნეტში ამის შესაძლებლობა თითქმის თანაბარია, ყველას შეუძლია სასურველ ფერებსა და სტილში მოაწყოს საკუთარი გვერდი სხვადასხვა მასალისა და სურათების უბრალო დაკოპირებით. შეიძლება ითქვას, ყველა მომხმარებელი თანაბარ პირობებში დგება, აქ ყველას შეუძლია აითვისოს მოდის უახლესი ტენდენციები, შეიქმნას იმიჯი, რომელიც ამათუიმ საზოგადოებრივი სექტორის წევრად გახდომაში დაეხმარება, ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს საეჭვოა რეალური შედეგებით დასრულდეს. ჰოლანდიაში, ტვენტის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ქრისტინა ჯასინსკიმ და პიტ კომერსმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მასში მონაწილეობდა 78 სტუდენტი, რომელთა ჰქონდათ facebook-ის ანგარიშები, კვლევის მიზანი იყო დაედგინათ, რა გავლენას ახდენს „მეგობრების“ მომხიბვლელობა მომხმარებლების „მეგობრების“ „მეგობრების“ მათდამი დამოკიდებულებაზე. ცდისპირებს ეკრანზე უჩვენებდნენ ამ ადამიანების პროფილის სურათებს მათ კი პასუხი “hot or not” (მაგარია–ცუდია)–ის პრინციპით უნდა გაეცათ. გამოვლინდა, რომ პროფილის სურათის სასურველობის მიხედვით ცდისპირები პოტენციურ მეგობრებად განიხილავდნენ ამა თუ იმ ადამიანს (Jaschinski, Kommers). შესაბამისად, უნდა ითქვას, რომ პროფილის ორგანიზებისას ჩვენ ვითვლისწინებთ სხვების არსებობას და ჩვენდამი დამოკიდებულებას, ანუ სოციალურ სასურველობის ეფექტი წამყვან როლს ასრულებს, ჩვენ ვირჩევთ სასურველ ოთახს, მაგრამ ყველა კარს ერთი გასაღები ვერ ერგება, სოციალური მიკუთვნებულობისა და სტაბილურობისთვის ხშირად მივდივართ მსხვერპლზეც და ყოველ სოციალურ სტრატაში თავისებური სოციალური სასურველობის ეფექტის გავლენის ქვეშ ვექცევით.

არსებობს უამრავი ადამიანი, რომლებიც პროტესტს უცხადებს სოცილური ქსელების წესებს, საერთო ნიშნებს, უარს ამბობს მაგალითად პროფილის სურათის დაყენებაზე და ა.შ. თითქოს ემიჯნება არსებულს და საკუთარ უნივერსალიას ინარჩუნებს, მაგრამ ასეთი ადამიანიც მუდამ გავლენის ქვეშ იმყოფება, ხაზს უსვამს თავის გამორჩეულობას და ადრე თუ მეამბოხური პრინციპით მოქმედებდა ახლა სიამაყის გარდა სიამოვნების გრძნობაც ეუფლება. როცა სოციალურ ქსელებთან გვაქვს საქმე, მუდამ ასე ხდება, ზოგი მხოლოდ იმისთვის წევრიანდება მასში, რომ გარკვეული ინფორმაცია მიიღოს და არანაირ გართობას არ აპირებს, მაგრამ როდესაც ვაწყდებით სხვების ჩვენდამი დამოკიდებულებას, შეუძლებელია არ დავინტერესდეთ და ნელ–ნელა ჩვენც არ ჩავერთოთ კომპიუტერული სოციუმის გაწამაწიაში. ასე რომ სოციალური ქსელი არ დაგვეკითხება, შეიძლება თუ არა მან ჩვენზე გავლენა მოახდინოს.

საინტერესოა კიდევ ერთი ტიპი – არსებობს უამრავი ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივი ცხოვრებისგან იზოლირებულია და ამ სირთულის დასაძლევად ქმნიან ანონიმურ ანგარიშებს, რათა გამოავლინონ საკუთარი ცხოვრების ალტერნატიული მხარე, უფრო სწორად კი რეალური მხარე და ვირტუალურად მაინც მოახერხონ საკუთარი მისწრაფებების, ლტოლვების, განსხვავებული აზრების რეალიზაცია, თვითპრეზენტაცია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილონი არიან და ცვლილებებისკენ ისწრაფვიან მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ვერ დგამენ წინ ნაბიჯს (მაგალითად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები) ან ე.წ. „აკრძალული ადამიანები“ (მაგალითად, სატანისტები). ზოგიერთი ადამიანი ვირტუალური ურთიერთობით კმაყოფილდება, რაც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს და ანონიმურობის გარანტია, ეს კი მათ უბიძგებს სოციალური ქსელის მარადიულ ილუზორულ სამყაროში დარჩნენ, ზოგისთვის პირიქით, ესაა ნაბიჯი წინ, ბიძგი საკუთარი რეალური „მე“–ს საზოგადოებაში ღიად წარმოსაჩენად. ასე რომ ამ შემთხვევაში უდიდესი როლი აქვს თავად ინდივიდს და მის შინაგან სიძლიერეს, უნარს, რამდენად შეუძლია დაძლიოს კომპლექსები. ამისდა მიხედვით სოციალურმა ქსელმა შესაძლოა შეასრულოს პოზიტიური თუ ნეგატიური როლი და ჩვენი ნაბიჯი შეუძლებელია მხოლოდ მის გავლენას დაბრალდეს.

არსებობს უამრავი მანია თუ ფობია, შესაბამისად, სავსებით დასაშვებია, სოციალური ქსელის მოხმარება მუდმივ ხასიათს ატარებდეს და დამოკიდებულებაში გადაიზარდოს. მომხმარებელი ზის კომპიუტერთან, უკვე 5 საათის განმავლობაში იგი გაესაუბრა ყველა მოსაუბრეს, გადაათვალიერა და გაეცნო ყველა სიახლეს, ერთი სიტყვით ამოიწურა ინტერესთა სფერო, მაგრამ იგი ჯიუტად განაგრძობს გვერდის სიახლეთა არხის ხელახლა გადატვირთვას „რაღაც ახლის“ მოლოდინში, ეს მოვლენა ხშირად შემხვედრია და საკუთარ თავზეც გამომიცდია, რა შეიძლება ამას ეწოდოს სხვა თუ არა ადიქცია სოციალური ქსელებისადმი? ამასობაში ვერც კი ვაცნობიერებთ როგორ გადის დრო, ხშირად შეინიშნება ასევე სივრცული აღქმის დარღვევები, გრძნობათა ორგანოების მოქმედების დაქვეითება, აშკარაა ფიზიოლოგიური ზემოქმედებაც, მაგალითისთვის, ოკულისტები აცხადებენ, რომ კომპიტერთან იმდენად დიდ დროს ვატარებთ, რამდენიმე ათეულ წელიწადში ახალი თაობები მასობრივად „დაკომპლექტდება“ ახლომხედველებით, ეს ცვლილება კი უძველესი დროის ადამიანებთან შედარებით პოლარული ხასიათისაა. როგორ იმოქმედებს ეს ჩვენს აღქმის შესაძლებლობებზე? თვალის დარღვეული აკომოდაცია არც თუ ისე სახარბიელოა, როგორც ჩანს, კიდევ უფრო დიდი როლი დაეკისრებათ მანქანებს სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად.

როცა კომპიუტერსა და დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ბავშვები. კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლარი როზენი აღნიშნავს, რომ თინეიჯერებში, რომლებიც იყენებენ facebook-ს, შეინიშნება ნარცისისტული ტენდენციები, ხოლო უფრო მცირეწლოვნებში, რომლებიც სოციალური ქსელისადმი მეტი დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ფსიქოლოგიური დაღვევების მეტი ნიშნებია, ანტისოციალური ქცევების, მანიებისა და აგრესიული ტენდენციების ჩათვლით. მთელი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია, რომელიც ხშირად ბავშვებსა და თინეიჯერებს მღელვარებისა და დეპრესიისკენ უბიძგებს, კიდევ უფრო ზრდის მიდრეკილებას ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებისკენ მომავალში. მაგრამ აქვეა მედლის მეორე მხარეც: მოზარდები, რომლებიც მეტ დროს ატარებენ სოციალურ ქსელში, მეტი შესაძლებლობაც აქვთ გამოხატონ ვირტუალური, მაგრამ მაინც ემპათია, ასევე ეხმარება ინტროვერტ მოზარდებს ჩაერთონ სოციალიზაციის პროცესში და ა.შ. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქოლოგი ვიქტორ ტემნიკი რადიკალურად ნეგატიურადაა განწყობილი სოციალური ქსელებისადმი, როცა ბავშვთან გვაქვს საქმე. მისი თქმით, უკრაინელი ბავშვების 92% სოაციალური ქსელების მომხმარებელია და ეს სახიფათო ტენდენციებს გვიქადის. „ბავშვი ადვილად ხდება დამოკიდებული, ინტერნეტში ის ყველაფერს იღებს, რაც რეალურ ცხოვრებაში არ აქვს და ამით კმაყოფილდება, თანაც იმდენად, რომ შეიძლება რეალობაზეც კი თქვას უარი“. ბავშვი განვითარებისა და სოციალიზაციის პროცესში უნდა იმყოფებოდეს, იგი სიტყვების გარდა მშობლისგან გარემომცველი ადამიანებისგან უნდა სწავლობდეს ასევე არავერბალურ კომუნიკაციურ სიგნალებს, ჟესტებს, რათა სრულფასოვნად შეძლოს გარემოსთან ურთიერთობა.

საინტერესოა, ამ მხრივ რა მდგომარეობაში იმყოფება ზრდასრული ადამიანი. ჩვენ თანდათან უფრო მეტ დროს ვატარებთ ინტერნეტში და კომუნიკაციის პროცესში ვიყენებთ ე.წ. სიცილაკებს ჩვენი დამოკიდებულებების, გრძნობების, ემოციების გამოსახატავად, მაგრამ არის კი ეს პრიმიტიული სიგნალები საკმარისი? რა მოხდება თუ ჩვენი ემოციების გამომხატველობას ასეთ პრიმიტიულ დონეზე დავიყვანთ? შევძლებთ კი რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთის რეალური ლტოლვებისა და გრძნობების დიფერენცირებას? ჩვენ სოციალურ ქსელში გაწევრიანებისას ცნობიერ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით და როცა ბავშვებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვილი ბავშვები არ იგულისხმება, მაგრამ შეძლებენ კი თინეიჯერებზე პატარა მოზარდები ან საერთოდაც მომავალი თაობები ერთმანეთთან ნორმალური ადამიანური ურთიერთობების დამყარებას, თუ ჟესტიკულაციის ენა ასეთ პრიმიტიულ დონეზე დავარდება? ემოციების გამოხატვის გარეშე შეუძლებელია განხორციელდეს ხარისხიანი კომუნიკაცია, ჩვენი წინაპრებისთვის ჟესტიკულაციურ–ემოციური გამოხატვები თვითგადარჩენის საშუალებას წარმოადგენდა, დანაწევრებულ მეტყველებასთან ერთად ჟესტებმა თითქოს მეორე პლანზე გადაინაცვლა, მაგრამ კომუნიკაციის პროცესში რაც არ უნდა გასაკვირი იყოს სხეულის ენა დღესაც კი 50%–ს იკავებს. გარკვეული ჟესტები უნივერსალურია, მაგრამ რაც უფრო მეტ დროს ვუთმობთ ვირტუალურ ურთიერთობებს ერთმანეთის ინდივიდუალური მახასიათებლების შესასწავლად კიდევ უფრო ნაკლები დრო გვრჩება. ეს კი პრობლემაა, რომელიც კიდევ უფრო მწვავედ დაისმევა მომავალ თაობებში, კომპიუტერიზაციის უსწრაფეს და ღრმა ტენდენციებს თუ გავითვალისწინებთ. შესაბამისად, შეინიშნება ურთიერთობების ცვლილება და ამ ცვლილებებს მხოლოდ ემოციურ–ჟესტიკულაციური ენის გაუგებრობა კი არა (რომლის გავლენაც ჯერ დასადგენია), გრძნობების გაციებაც განაპირობებს, ადამიანებს ერთმანეთისთვის კიდევ უფრო ნაკლები დრო რჩებათ. ხშირად იქმნება ილუზია, რომ პირიქით, კიდევ უფრო მეტ კონტაქტს ვამყარებთ სოციალურ ქსელში, უფრო მეტი ადამიანის გაცნობას ვახერხებთ მცირე ხანში და საბოლოო ჯამში მოგებული ვრჩებით, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ურთიერთობები, როცა ვირტუალურ ცხოვრებაში ვცდილობთ მხოლოდ დადებითი, სოციალურად სასურველი მხრით წარმოვჩინდეთ და ადამიანთა ნამდვილი სახით, ღრმად გაცნობას ვეღარ ვახერხებთ.

სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით ძალზედ პოპულარულია ენრი ფიცპატრიკის 6–ხარისხიანი დაყოფის თეორია, რომლის თანახმადაც პლანეტის ნებისმიერი მცხოვრები შესაძლოა დაკავშირებული იყოს ნაცნობობის ჯაჭვით ნებისმიერ სხვა ადამიანთან და ამ ჯაჭვს შეიძლება ჰქონდეს არაუმეტეს ხუთი რგოლისა, რომელიც გამტარის ფუნქციას ასრულებს (Fitzpatrick, 2008). 1967 წელს თეორიის შესამოწმებლად ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა, სტენლი მილგრემმა ჩაატარა ექსპერიმენტი. მან შემთხვევით აარჩია მიდვესტში მხოვრები რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც დაევალათ ამანათის გაგზავნა მასაჩუსეტში, მათ იცოდნენ ადრესატის სახელი, საქმიანობა და ძირითადი ადგილმდებარეობა, ინსტრუქციის თანახმად, მათ ეს ამანათი უნდა გაეგზავნათ ნაცნობი ადამიანისთვის, რომელსაც უფრო შესაძლებელია სცნობოდა ადრესატი, საბოლოო ჯამში, ყველა ამანათი მივიდა ადრესატთან და თითოეულ შემთხვევაში მედიატორული რგოლები 5–დან 7–მდე მერყეობდა. მილგრემმა თეორიის ვალიდურობა დაასაბუთა, ასე რომ, თუ ჩვენი უმეტესობა 6–ხარისხიანი დაყოფითაა დაკავშირებული სხვა ადამიანებთან, თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 3–ხარისხიან დაყოფას (მეგობრის მეგობრის მეგობარი) უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე. თანამედროვე სოციალური ქსელები ზუსტად იგივე პრინციპითაა აწყობილი, მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია ურთიერთობების ხარისხი და რიცხვი აქ ჩვენ თვითონვე ვმართოთ, ყოველთვის გამოიძებნება დამატებითი რგოლები და ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერნეტ–მეგობრები „გამტარი რგოლები“ იქნებიან.

სოციალურ ქსელებს უზარმაზარი გავლენა აქვს ადამიანების ფსიქიკაზე. ეს გავლენა საკმაოდ კომპლექსურია და შეგვიძლია მოვახდინოთ დიფერენცირება. დადებით მხარეებში უნდა აღინიშნოს, რომ რიგ შემთხვევებში დამხმარის როლს თამაშობს ინდივიდის სოციალიზაციაში, თვითპატივისცემის ამაღლებაში. მაგრამ ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ ხშირად იწვევს ბავშვების და არამარტო ბავშვების ჩაკეტვას ირეალურ სამყაროში, არავერბალური კომუნიკაციების დაქვეითებას განსაკუთრებით მცირეწლოვან მომხმარებელში. ინფორმაციის უზარმაზარი ნაკადიდან გამომდინარე, ქსელის წევრი მთლიანად ვერ აკონტროლებს სხვადასხვა წყაროების მიერ გაზიარებულ სიახლეებს. ხშირად იქმნება ილუზია ახალი მეგობრების გაჩენისა, როდესაც რეალურად ეს ურთიერთობები მულტიკონტაქტურ რეჟიმში მიმდინარეობს და არ ხმარდება საკმარისი დრო ინდივიდუალურ გაცნობას. მომხმარებელი სოციალურ ქსელს ორი ძირითადი მისწრაფების გამო მიმართავს, ესენია: თვითპრეზენტაცია და მიკუთვნებულობა, რომლებიც ერთგვარ სოციალურ საკვებს წარმოადგენენ მომხმარებელთათვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

http://maplethorpej.hubpages.com/hub/Social-Networks-and-their-effect-on-our-lives

http://www.apa.org/news/press/releases/2011/08/social-kids.aspx

http://www.sciencedaily.com/releases/2012/04/120423104526.htm

http://wiki.answers.com/Q/Which_was_the_first_social_networking_site

http://www.kianews.com.ua/node/43863

    elsvier.com – why do people use facebook.
    Advertisements